logo
ENG



კობახიძის აზრით, ივანიშვილისთვის გადარიცხვა "კოორდინირებული ქმედებების" გამო შეფერხდა

10 მაი 202215:19
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ შვეიცარიულმა საინვესტიციო ბანკმა Credis Suisse ბიძინა ივანიშვილისთვის თანხის გადარიცხვა "კოორდინირებული ქმედებების" გამო შეაფერხა. 

საქმე 9 მაისს ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანიის, CISION-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხება, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და მეორედ ჩივილს აპირებს. 

სარჩელის მიზეზი ის არის რომ, როგორც Cision-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა. 

ბიძინა ივანიშვილმა 2022 წლის 4 მარტს თანხის მიღება მოითხოვა. ბანკის რწმუნებულმა მოთხოვნა 2022 წლის 4 აპრილს დააკმაყოფილა, რამაც მილიარდერს ფინანსური ზიანი მიაყენა. თანხის გადარიცხვის შეყოვნების მიზეზად Green Vals Trust-მა "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური გარემო" დაასახელა. 

კობახიძეს POSTV-ის ჟურნალისტმა კითხვა ხათუნა ხოფერიას განცხადების ჭრილში დაუსვა - ქართული ოცნების მხარდამჭერმა ფეისბუქზე დაწერა, რომ "შვეიცარიული ბანკის მიერ ტრანზაქციების შეჩერების და ამ მასშტაბის კოორდინაციის ორგანიზების რესურსი მხოლოდ ერთ დიდ მოთამაშეს - ამერიკას აქვს". 

ირაკლი კობახიძე ამბობს, არსებობს "ლეგიტიმური და საფუძვლიანი კითხვები". 

"მგონია, რომ ეს კითხვები არის ლეგიტიმური, არცთუ უსაფუძვლო, თავისი საფუძველი აქვს. ჩვენ ვხედავთ კოორდინაციას და კოორდინაცია რომ კითხვებს აჩენს, ეს არის ლოგიკური.

ჩვენთვის გასაკვირი იყო, რა თქმა უნდა, ის განცხადებები, რაც კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან და იყო გაუგებარი კოორდინაცია მაღალი ხარისხით - გვახსოვს უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, რაც იყო აუხსნელი, ალოგიკური და აქაც, კოორდინაცია, ბუნებრივია, ჩანდა.

იყო სხვა შემთხვევებიც, სადაც იყო ალოგიკური მოვლენები, ევტუშენკოვის ზარი - ესეც გაუგებარია. ეს არის კაცი, რომელიც სანქციებს არ ექვემდებარება და ამას თავის მიზეზი უნდა ჰქონდეს, ეს კაცი ახორციელებს ზარს და მერე ეს ზარი ხდება ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ტელევიზიებისთვის ერთთვიანი თემა, გამოგონილი თემა. გაუგებარი ზარი, ესეც კოორდინაციაზე მიუთითებს". - ამბობს კობახიძე. 

მისივე თქმით, "ამას ემატება შვეიცარიული ბანკი", შვეიცარიული საბანკო სისტემა კი სანდოობით სარგებლობს და ახლა, როცა "კონკრეტული შვეიცარიული ბანკი აფერხებს ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვას, ეს დამატებით კითხვებს აჩენს". 

"არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. თუ ვინმეს აქვს მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისი ნების საწინააღმდეგოდ პოლიტიკაში შემოაბრუნოს, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს, ეს, მინიმუმ, მიუღებელი და პრინციპულად არასწორია. თუ ვინმეს ასეთი მცდელობა აქვს, ის ბიძინა ივანიშვილს კარგად არ იცნობს და არ ახსოვს ის თავდადება და თავგანწირვა, რაც ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს გამოავლინა. 

რაც დღემდე ვიცოდით, ნაცმოძრაობას ეს ცალსახად სურს, ამას არც მალავენ დაწყებული საკუთარი გარე ექსპერტების მეშვეობით, დაწყებული ლომჯარიათი და გიგაურით, დამთავრებული მარგველაშვილით და უსუფაშვილით, ყველა ლაპარაკობს პრაქტიკულად ამაზე, მათ ომი სურთ და ისინი არიან ომის პარტია.

ყველამ კარგად ვიცით, უკრაინის მხრიდანაც მსგავსი განცხადებები პირდაპირი ფორმით გაკეთდა. ეს არის ის, რაც ვიცით უტყუარი ფორმით. რაც შეეხება მეტ კონკრეტიკას ამ თემასთან დაკავშირებით, ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მეტს ვერ ვიტყვი". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 


close დახურვა